ამერიკის პენცენტრი ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და წერს, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მწერლების, მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების სამართლებრივ შევიწროებას.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველმა პარტიამ უნდა გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით და უნდა შეწყვიტოს მწერლების, მხატვრებისა და კულტურის სხვა სფეროს მოღვაწეების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა.
"უბრალო კოსმეტიკური ცვლილების შემდეგ, პარტია ქართული ოცნება კვლავ ბიძგს აძლევს ე.წ. უცხოელი აგენტის კანონს, რათა ძირი გამოუთხაროს მწერლების, კულტურის მოღვაწეებისა და ჟურნალისტების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას.
სამარცხვინო კანონპროექტი ამახინჯებს სიტყვების: "გამჭვირვალობა", "ანგარიშვალდებულება" და "უსაფრთხოება", მნიშვნელობას, რათა შეასუსტოს საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.
არ შეცდეთ, ეს კანონპროექტი ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მწერლების, მხატვრებისა და კულტურის მოღვაწეების სამართლებრივ შევიწროებას. საქართველოს ხელისუფლებამ მათ მიერვე გაცხადებული ევროკავშირის წევრობის მისაღწევად, უნდა გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებების გაუმჯობესების კუთხით და უნდა შეწყვიტოს მწერლების, მხატვრებისა და კულტურის სხვა სფეროს მოღვაწეების დამოუკიდებელი საქმიანობის შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა", - წერია განცხადებაში.
***
ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა.
რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.
პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.
პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.
რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.